saagdgomo leqsebi | სააღდგომო ლექსები

statusebi » leqsebi » saagdgomo leqsebi | სააღდგომო ლექსები possibly here

Loading
 

saagdgomo leqsebi | სააღდგომო ლექსები

ავტორი: levan თარიღი 14-04-2012, 21:21, ნანახია: 706

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

saagdgomo leqsebi | სააღდგომო ლექსები

saagdgomo leqsebi | სააღდგომო ლექსები


სააღდგომო აღსარება

როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე!
და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით
ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე
ეს მე ვარ, მე ვარ – ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში
ეს მე ავეშვი გზნებით ველურით,
როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები,
ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი,
მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი,
ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.



*****




მივატოვე ბეთსაიდა
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიადნ.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ
ბედს აიტან.




***************


ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით..
მოვისმენ ღაღადს, ძველი გრძნობა უცებ იალებს,
ავავსებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი..
არვიცი ბრძენი განცდას ამგვარს თუ რას დაარქმევს,
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება?..
გამოვა მღვდელი , საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება..
სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე, სააღდგომო თეთრი ხალათი..
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული,
იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი..
საბრალო დედა!. ჩემი გრძნობა უზენაესი,
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია..
ძვირფასო დედა, ჩქარა გაქრა ჩემი მაისი
და ბნელი ღამე, ო რა მძიმე გასარღვევია..
წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ "განვედი" ჩემს გონებას არ ეკარება..
თავდება ლოცვა, ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს,
გამახსენდება რომ შემოველ მე აქ შემთხვევით..
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს,
გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი..






აღდგომა

დღეს კუვუკლიის თავზე
გარდამოვიდა ცეცხლი,
რწმენამ სანთლებზე ანთო
ნაწყალობევი ზეცის.
ყოველი სიტყვა ახდა,
ის რაც წერილში თქმულა,
ჯვარცმული იესო ქრისტე
„აღსდგა, ვითარცა თქუა“.

მაკა გელაშვილი



*****



მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,

მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,

როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით

აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.

შეველ, პირჯვარი გადავისახე,

ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:

— „ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,

კარგად მიმყოფე ყველა ჩემები!" —

და ღვთისმშობელის შემოხედვამა

დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.

მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,

როცა ცხოვრების მადგას უღელი.

მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,

გაუფურჩქვნელი და გაურყვნელი.


1941
ლადო ასათიანი...



******


ქართულ სინამდვილეს ახსოვს ბევრი გვემა,
ტანჯვის ბორკილები თმენით გვითრევია,
ოდეს, სისხლის ცრემლებს მიწას ვაწვიმებდით
შეურაცხმყოფელნი არ დაგვრიდებიან.
უფალს დაგვაშორეს, ეშმაკს გვათაყვანეს,
მი-მო-დაგვირბიეს სულის კიდობანი,
მხდალთა შეათავსეს, მუქთად შეაფასეს
წმიდა მოწამეთა დიდი გმირობანი...
ჯვარმა უფლისამა გული მოგვიბრუნა,
რწმენით მოგვეახლა მადლი მირონისა,
სულში ჩაგვეღვარა ცისკრის მაისობა
ფერთა უთვალავთა ცის საფირონისა.
ახლა ივერია ისევ გაბრწყინდება,
ისევ იდავითებს, ისევ ითამარებს,
ჩვენი მამულისთვის ლოცვით ვიგალობებთ,
ღმერთი მოგვიტევებს ამგვარ სითამამეს.
ახალ თესვის დროა, ისეთ ხნულს გავავლებთ
თესლის დასაფლობად, მჭრელი გუთნებითა,
უხვი მოსავალი უნდა მოვიწიოთ
ჩვენი პატრიარქის დიდი კურთხევითა.
თავზე დაგფოფინებს მადლით შემოსილი,
ლოცვით გვიცისკარებს სულის ხოდაბუნებს,
ისეთი სათნოა მისი ქადაგება,
შვილებს გზას ამცდარებს უკან მოაბრუნებს...
ღმერთო, სულიწმიდით მი-მო-აცისკროვნე
რწმენა ჩვენი, რომელს ვერაფერი შეცვლის,
კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი წელი
მოგვეცი უფალო ციდან წმიდა ცეცხლი.


@ Leqsebi.Net

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews